შთაბეჭდილებები,გამოხმაურებანი

ბელა წვერაძე ( ჟურნალისტი): "2003-2006 წლებში შუაფხოს საბაზო სკოლის დირექტორის მოვალეობას ვასრულებდი, სკოლას, სადაც წინა საუკუნის 90-იან წლებში ორმოცამდე მოზარდი სწავლობდა და საშუალო იყო, ექვსიოდე მოსწავლე და ორი პედაგოგი შემორჩენოდა. ასეთი შედეგი გამოიღო მაღალმთიანი სოფლებისა და სკოლების მიმართ უყურადღებობამ, იმ რეფორმებმა, რომლებიც მცირეკონტიგენტიან სკოლებს დახურვით ემუქრებოდა, მთის მოსახლეობის მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებმა. უკანაფშავის თემის მოსახლეობის დაჟინებული თხოვნით, საქართველოს გამოჩენილ მოღვაწეთა მხარში ამოდგომით, განათლების სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით, სკოლა, მაშინ, დახურვას გადაურჩა, თუმცა მოზარდი თაობის სწავლა აღზრდის - დროის შესაფერ, მზარდ მოთხოვნებს არანაირად არ პასუხობდა.
დღეს ვითარება ამ სკოლაში სასიკეთოდ არის შეცვლილი,მოსწავლეთა რაოდენობა გასამმაგდა, სკოლის შენობა კაპიტალურად გარემონტდა, მაღალკვალიფიციური პედაგოგებით აღიჭურვა. სკოლის დირექტორი ირმა ცქიფაშვილი ადგილობრივი მკვიდრია და რვა შვილის დედაა.
სკოლის ცხოვრებაში განსაკუთრებით სასიკეთო გარდატეხა მოხდა მას შემდეგ, რაც ამ ხუთი წლის წინ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტით - „ასწავლე საქართველოსთვის“, შუაფხოს სკოლაში დასაქმდა ახალგაზრდა კვალიფიციურ პედაგოგთა ერთი ჯგუფი.
დღეს პროგარმით ოთხი მასწავლებელი მუშაობს: დავით ჩივაძე, ვალიდა ბაგაური, თეა გაბრიაძე და ნესტან ხორხომელიძე. არცერთი მათგანი ადგილობრივი მკვიდრი არ არის, მით უფრო დასაფასებელია ის ერთგულება და გულმოდგინება, რასაც ისინი იჩენენ , მაღალმთიანი რეგიონისათვის ჩვეულ მკაცრ ბუნებრივ პირობებში, მოზარდი თაობის სწავლა - აღზრდის საპატიო საქმის მიმართ; შუაფხოს სკოლაში მათი მოღვაწეობა განსაკუთრებით სასიხარულოა ჩემთვის, ვინაიდან აქ , 80 -იანი წლებიდან ვცხოვრობ და  კარგად მახსოვს სკოლის ცხოვრების კრიტიკული წლები, როცა მკვიდრი ოჯახები, მოსწავლეები, მათი მშობლები, ახალგაზრდები -დედაბუდიანად აიყრებოდნენ მთიდან და ბარში მიემგზავრებოდნენ- საბაზო თუ საშუალო განათლების მისაღებად და ბარიდან უკან აღარ ბრუნდებოდნენ. ამიტომაც ამ ახალგაზრდა პედაგოგთა საქციელი - მიგრაცია-ჭირშეყრილი მთის მოსახლეობისათვის გმირული მაგალითია : მათ გამოაცოცხლეს სკოლაც , ხეობაც, შეაჩერეს სკოლიდან მოსწავლეთა განთესვაც.
ამ დღეებში დუშეთის მუნიციპალიტეტის პედაგოგთა საზოგადოებას შუაფხოს
სკოლის პედაგოგებმა და  მოსწავლეებმა წარუდგინეს კიდევ ერთი პროექტის -„ხელსაქმის სკოლის“ პრეზენტაცია, რომელმაც კიდევ უფრო გაგვიმყარა რწმენა იმისა , თუ რა კეთილ ნაყოფს გამოიღებს სწავლა- აღზრდას მოხმარებული ახალგაზრდული შემოქმედებითი ენერგია. კარგად შერჩეულ და ადგილობრივ წეს-ადათებთან, ტარდიციულ ხალხურ შემოქმედებასთან  მორგებულ პროექტის თემას, თვით მოსწავლეებმა შეასხეს ხორცი; მათ წარმოგვიდგინეს ფშაური ხელსაქმის ნიმუშები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტრადიციული სამოსი, ხელსაქმის ნიმუშები, გობელენები, მოგვითხრეს დაწვრილებით თუ როგორ შრომობდა და ცხოვრობდა ფშაველი კაცი, როგორი ლამაზი ფერებით რთავდა თავის ყოველდღიურობას, რა მშვენიერ პოეზიას ქმნიდა...

ვისურვებდი, რომ შუაფხოს სკოლის პედაგოგებმა ეს პროექტი კვლავაც გაგრძელონ, უფრო გააფართოვონ და უფრო მეტი მომხრე შეიძინონ.





ქეთო ქოჩაშვილი (თემის მკვიდრი):  „გული მწყდება , რომ ახლანდელ თაობას ტრადიციული საქმიანობა უკვე აღარ აინტერესებს ; ძველად ბავშვს უსაქმოდ ვერ ნახავდი, მოზარდებმა უკვე ყოველგვარი საოჯახო საქმე ვიცოდით. ადამიანი შრომას ბავშვობიდანვე უნდა მიეჩვიოს, ეს აუცილებელია. მე ადრეულ ასაკში დავობლდი, ხალიჩა- ფარდაგების ქსოვას ბებო მასწავლიდა, როცა საშუალება მქონდა  ჩემს მეზობელ ქალებსაც ვაკვირდებოდი მუშაობის დროს და მათგან ვსწავლობდი. ვფიქრობ ეს ღონისძიება კარგი შედეგის მომტანი იქნება , ბავშვები საჭირო ცოდნას შეიძენენ და ჩვენი ტრადიციებიც დავიწყებას აღარ მიეცემა“



გიორგი ელიზბარაშვილი (მოსწავლე): "მე მომეწონა ხელსაქმის სკოლის იდეა, ეს ის არის, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ და საქმიანობდნენ. კარგია , რომ ტრადიციები არ იკარგება. ჩვენი სკოლის გოგონებმა უკვე ბევრი რამ ისწავლეს, სასურველია სხვა სკოლებიც დაინტერესდნენ ფშაური ხელსაქმის შესწავლით და მათაც შეიძინონ ეს ცოდნა. პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მე თავადაც ვმონაწილეობდი და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის."






თეკლე ბადრიშვილი (თემის მკვიდრი):ღმერთმა გიშველოთ , ფშავლებო, რომ ფშავს ყურადღებას აქცევთ და ძველ ფშაურ ტრადიციებს, წინდაა,ხალიჩაა თუ ყაჯარია არ ჰკარგავთ! ფშავლები ვალდებულები ხართ, მაგრამ მე მინდა დიდი მადლობა მოვუხადო პროექტის ორგანიზატორებს, რაკი ამ კუთხისთვის, ამ მხარისთვის ზრუნავენ და ბავშვებს ასწავლიან. მე ერთგან ამოვიკითხე, რომ მარტო ტკბილეულით ჯანსაღ შვილს ვერ გაზრდი, მას სულიერი საზრდო -უბრალო და ნოყიერი უნდა მიაწოდოო. აი ამ სულიერ საზრდოს აწვდიან ჩვენს ახალგაზრდობას და საუკეთესო ახალგაზრდებს გაზრდიან...“





მაიკო კუწაშვილი (პედაგოგი): "მე ვფიქრობ , რომ პროექტი "ხელსაქმის სკოლა" საინტერესო გამოვიდა; მე თავადაც მის მსვლელობაში აქტიური მონაწილეობა მივიღე და ბევრი საჭირო რამ ვისწავლე. გამოვყოფდი იმ პედაგოგების როლს, რომლებიც პროგრამა "ასწავლე ასაქართველოსთვის" მონაწილეები არიან და შუაფხოს საჯარო სკოლაში მუშაობენ. ჩვენ პირველივე დღიდან გამოვნახეთ საერთო ენა და აქტიურ თანამშრომლობაში ჩავებით. ამ პროექტის მსვლელობის დროს, შეიძლება ითქვას, ფეხდაფეხ შემოვიარეთ მთელი სოფელი, ვესაუბრეთ თემის წარმომადგენლებს, შევაგროვეთ ჩვენთვის საინტერეო მასალები.
საღამოობითაც კი ვიკრიბებით, ვსაუბრობთ აქტუალურ თემებზე  და ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს შეხედულებებსა და გამოცდილებას.  მართალია , მე თავად ფშავში არ ვცხოვრობ, თუმცა ჩემი ფესვები ფშავიდან მოდის, ამიტომაც კეთილგანწყობილი ვარ იმ სიახლეების მიმართ, რომელთა მიზანი ამ კუთხის ტრადიციების და კულტურის წარმოჩენაა. ვფიქრობ, პროექტი ნაყოფიერი შედეგის მომტანი იყო საზოგადოებისთვის, ამიტომ ის  უნდა გაგრძელდეს"




სოფო მიქელაშვილი (მოსწავლე):" მე ძალიან მომეწონა ეს პროექტი, ვისწავლე ძალიან ბევრი რამ; რაც ვიცოდი, ამ ცოდნას სხვებს ვუზიარებდი, ისინი კი მასწავლიდნენ იმას, რაც თვითონ იცოდნენ. უკეთ გავერკვიე ამ საქმიანობაში. ჩემი აზრით, ეს პროექტი კიდევ უნდა გაგრძელდეს, იმიტომ , რომ არ დაივიწყოს ხალხმა ეს საქმიანობა და უფრო მეტი მიმდევარი გაუჩნდეს; ასეთი გზით, ჩვენ შევძლებთ ტრადიციების შენარჩუნებას."








სოსო ჯაბანიშვილი (მოსწავლე): "პროექტი მომეწონა და კმაყოფილი ვარ;გამოფენა საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვიდა.  განსაკუთრებით ღონისძიებებზე დამსწრეთა შეფასებები  და  დამოკიდებულება მომეწონა;  მე მინდა რომ ხელსაქმის სკოლაში ბავშვებმა არა მარტო ქსოვა და ქარგვა ისწავლონ , არამედ ბიჭებმაც შეძლონ რაიმეს შესწავლა."







ია ფრიდონაშვილი (მასწავლებელი): 'მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროექტისა , ყოველთვის მქონდა სურვილი მესწავლა ქარგვა, გობელენის , ხალიჩისა და შიბაიანი წინდის  ქსოვა, რაშიც ეს პროექტი დამეხმარა. ყველაფრის სწავლა ვერ მოვახერხე დროის სიმცირის გამო. იმედია გამოჩნდბა ვინმე, ვინც ამ პროექტს დააფინანსებს, რათა ყველამ მოახერხოს ტარდიციული ხელსაქმის შესწავლა. რადგან ძალიან ბევრს გაუჩნდა მისი შესწავლის სურვილი. იმედია, გაგრძელდება ეს პროექტი და არ დაიკარგება ტრადიციული ხელსაქმე ფშავში."




მარიამ ჯაბანიშვილი (მოსწავლე): "მე ვმონაწილეობდი ამ პროექტში, ბევრ რამ ვისწავლე. მინდა , რომ კიდევ გაგრძელდეს ეს ღონისძიება. ძალიან მინდა, ამ პროექტმა სხვა ბავშვების გაცნობის საშუალება მომცეს, რადგან არ მყავს კლასელები."







ავთანდილ თვარელაშვილი (მოსწავლე): "ხელსაქმის სკოლა ძალიან კარგი  და საინტერესო იყო. მე პირადად, ვისურვებდი, რომ ბიჭებისათვისაც შემოიღონ რაიმეს ხელობის  სწავლება. "





ლალი თადიაური (სკოლის თანამშრომელი): "მე ძალიან მომწონს ეს შესანიშნავი პროექტი, სწორედ აქ ვისწავლე ბევრი კარგი რაიმეს კეთება. ძალიან კარგი იქნება , თუ გამოინახება ფინანსები, რომ კიდევ გაგრძელდეს."



თინათინ თვარელაშვილი (მოსწავლე) : "ეს იდეა ძალიან კარგი იყო. პროექტში გატარებულ პერიოდში საინტერესო ცოდნა შევიძინე, ვფიქრობ, რომ ყოველივე ეს ცხოვრებაში გამომადგება. მომეწონა გამოფენაც, რაკი ძალიან მინდოდა , რომ ჩემი ნამუშევრები სხვებისთვის მეჩვენებინა. პროექტისაგან ბევრ რაიმეს ველოდები და მინდა , რომ გაგრძელდეს."







ნანული მჭედლური (მშობელი):  "ძალიან კარგი პროექტია, არ უნდა დაიკარგოს ძველი ტრადიციები, ამაზე კარგი რა უნდა განხორციელდეს, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და უნდა გაფართოვდეს;  კარგი იქნება თუ შევაგროვებთ ძველ ჩანაწერებს, სიტყვებს, გადმოცემებს . არაფერი არ უნდა დაიკარგოს მამაპაპური. მადლობელი ვარ , რომ ამ კუთხისათვის ასე ზრუნავთ!"






გია გულბათაშვილი (მოსწავლე): "კარგი იქნება თუ ეს  პროექტები კიდევ გაგრძელდება და გაფართოვდება. მე ვმონაწილეობდი დისკუსიაში, დებატებში, მასალების მოძიებაში. მინდა , რომ ასეთმა პროექტებმა სხვა სკოლის ბავშვებთან ურთიერთობის საშუალება მოგვცეს."







ლია გიგაური (თემის მკვიდრი):  'ძალიან კარგი პროექტია და შედეგის მომტანიც იქნება.  მე თავად დიდი სურვილი მქონდა ამ პროექტში აქტიური მონაწილეობისა, თუმცა შემოდგომაზე სასოფლო -სამეურნეო საქმიანობის გამო შეზღუდულები ვართ, ამის გამო როცა ვახერხებდი დროის გამონახვას , მაშინ მოვდიოდი. კარგია, თუ პროექტი გაგრძელდება და მრავალფეროვანი გახდება.'





ანა გულბათიშვილი (მოსწავლე): "მე ამ პროექტის მონაწილე ვარ, ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რაიმეს შესწავლა მოვახერხე, მონაწილეობა მივიღე დისკუსიაში, გამოფენაში. ჩემი აზრით, ეს ღონისძიება სამომავლოდაც უნდა გაგრძელდეს. კარგი იქნება თუ უფრო ფართო მასშტაბით გაკეთდება."







ბარბარა ჯაბანიშვილი (მოსწავლე):  "მე ამ პროექტის მონაწილე ვიყავი, ვსწავლობდი ხელსაქმეს ,მონაწილეობას ვიღებდი დისკუსიებში , დასკვნით ღონისძიებებში. მე ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები ძალიან კარგია და კიდევ გაგრძელდეს. "

Комментариев нет:

Отправить комментарий