სტატიები

მოსწავლეთა ნამუშევრები

საქართველოს ყველა კუთხეს თავისი უნიკალური მიმზიდველობა და მრავალფეროვნება ახასიათებს. ფშავი ერთერთი ძვირფასი მარგალიტია ამ განუმეორებელ და მიმზიდველ ქარგაზე: ულამაზესი ბუნება, ბუმბერაზი მთები, შთამბეჭდავი ხედები , მოუსვენარი არაგვი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. სილამაზისა და სრულყოფილებისაკენ სწრაფვა ფშაველი კაცის ბუნებისა და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გამხდარა და თავს იწონებს ნაირფერი ფარდაგებით, ჭრელა–ჭრულა წინდებით, ნაქარგებითა და ათასგვარი ნახელავითა თუ ნაკეთობებით , რომელთაც ატყვიათ კვალი ადამიანის დაუღალავი შრომისა, ხელმარჯვეობისა და დიდი სურვილისა ყოველდღიური ყოფა ყოფილიყო როგორც პრაქტიკული, ასევე ლამაზი.
 ფშავური შინამრეწველობის ნიმუშები ორიგინალური და საინტერესოა. განსაკუთრებით დღეს, როცა მასობრივმა წარმოებამ , როგორც ყველგან , ასევე ფშავლებში ჩაანაცვლა ტრადიციული წარმოება. წინაპართა გარჯისა დ ახელმარჯვეობის ნიმუშები ახლა იშვიათობად ქცეულა, ერთ დროს ერთგული შეგირდები კი მოწაფეების სიმცირეს უჩივიან.
სიახლეების დამკვიდრებასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს– ადამიანები მიისწრაფვიან ცხოვრების გამარტივებისაკენ, მაგრამ, ამავდროულად ჩვენ მოვალენი ვართ გავუფრთხილდეთ წინაპართა მიერ გაკვალულ გზას , შევინახოთ მათ მიერ დატოვებული საგანძური და გადავცეთ იგი შთამომავლობას.


როდესაც ადამიანი მკვიდრ ცხოვრებაზე გადავიდა, მას დაჭირდა სახლი თავშესაფრად, ჭურჭელი მოსავლის დასაბინავებლად, ტანსაცმელი შესამოსად. მას შემდეგ , რაც ადამიანმა გამოიგონა სამეთუნეო მორგვი და ბორბალი, ხელოსნობა ძირითადად მამაკაცის საქმიანობად ჩამოყალიბდა. მხოლოდ ქსოვა შემორჩა დიდხანს ქალის ხელობად.
ფშავლის ქალები მინდვრისა და საოჯახო მუშაობასთან ერთად შინამრეწველობასაც ეწევიან, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფშავის ეკონომიკაში. აქაური შინამრეწველობა მეცხვარეობასთან არის დაკავშირებული, რომელიც იძლევა მატყლის საკმაო მარაგს და ფშაველი ქალები ამ მატყლისაგან ამზადებენ საჭირო ქსოვილებს. ისინი ხელსაქმეში დახელოვნებულები არიან . ისტორიულად, აქ ყველანი ხელში ტარ–ფარტენითა და წინდა–ჩხირებით დადიოდნენ და მუშაობდნენ; ქსოვდნენ ტოლს, ფარდაგს,  წინდებს და ა. შ



ფშაური სახლი. საქსოვი დაზგა ფშავური სახლის აუცილებელი ატრიბუტი იყო. სახლი ორსართულიან ნაგებობას წარმოადგენდა. ქვემო სართულზე ბოსელი იყო გამართული, მეორეზე კი საცხოვრებელი. ბოსლის ჭერში გამართული იყო ზემო სართულზე ასასვლელი საკომი, რომელზეც მიდგმული იყო ხის მოძრავი კიბე.
სახლი ქვის იყო, მშრალი წყობით ნაშენი, ვაჟა–ფშაველაც აღნიშნავს „სახლი ფშაველისა არის ფართო, კედლები აქვს ყორისა , უკირო“. კედლის ამგვარი წყობით აშენებას ფშავში „სიპის სიპზე დაწყობას“ ანდა „ყორის ამოყვანას“ უწოებდნენ. სახლის შენების დროს იცოდნენ ერთმანეთის დახმარება. საკომი ერთდროულად ყოფილა სინათლის წყარო და ბოლის გასასვლელი.
ფშაურ სახლს შესასვლელი დერეფანი ჰქონდა . რომელიც სხვადასხვა საოჯახო წვრილმანისათვის იყო განკუთვნილი. დერეფანს საჩეხს უწოდებდნენ. საქსოვი დაზგა დერეფანში ანდა ბოსელში იყო გამართული.














ქალისა და მამაკაცის ფუნქციების დანაწილება. ძველად ფშავში ქალისა და მამაკაცის ფუნქციები მტკიცედ იყო გამიჯნული. მოლაშქრეობა სამხედრო საქმე , მამაკაცის მოვალეობად ითვლებოდა. ქსოვა და საერთოდ ხელსაქმე დედაკაცის ფუნქციას წარმოადგენდა. მამაკაცისათვის ქალის საქმის კეთება დიდ სირცხვილად ითვლებოდა, პირიქით ქალი მამაკაცის საქმიანობაში არ უნდა ჩარეულიყო.  ეს დამოკიდებულება ცხადად ჩანს ვაჟა–ფშაველას პოემაში „გოგოთური და აფშინა“


ცოლი აუტყდა გოგოთურს:
–რად გინდა დიდი სხეული?!
თუკი ზღურბლს არ გასცილდები,
როგორც სახადით სნეული?!
რად გინდა თოფ–იარაღი,
ბასრი ფრანგული, წყეული,
ათასგან სისხლში ნათრევი,
კაცების ჟლეტას ჩვეული!
წადი, შენც ვინმე გაცარცვე,
არ გინდა სარჩო ნეტარა?
ქისტებს თავები გაჰბალთე,
ხევსურთ დაადევ ბეგარა...
–ნეტავ რას ამბობ, დიაცო,
ჭკვას რად არ ატან სიტყვას?
საქმე თუ გამოგლევია,
რატუ არ იტყვი იმასა?
რად მინდა მაშინ სიცოცხლე,
ლუკმასა ვჭამდე სხვისასა?
შენ  ვინა გკითხავს, დიაცო,
თოფისასა და ხმლისასა?..
შენ უნდა საჩეჩელს ეჯდე,
ან არა ,–ჰქსოვდე წინდასა...
ხმლის ქნევას მადლი მაშინ აქვ,
როცა ხმალს ჰხედავ მტრისასა!...“










ბორბალი. ადამიანი მუდამ მიისწრაფვოდა შრომის გაადვილებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისაკენ. ამ სწრაფვაში მან გამოამჟღავნა არაჩვეულებრივი უნარები. მისი ერთერთი მნიშვნელოვანი გამოგონება იყო ბორბალი, რომელიც შემდგომ სხვა ტექნიკურ სიახლეებს დაედო საფუძვლად.
ბორბალმა საზოგადოების განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ერთერთი მოსაზრების მიხედვით, ბორბალი ადამიანმა დაამზადა კვირისტავის მიხედვით, ეს არის თითისტარზე სიმძიმისათვის ბრუნვის გასაადვილებლად წამოცმული რგოლი.
წრის ფორმის მქონე ბორბალი ღერძის გარშემო ბრუნავს და  სხვადასხვა მოწყობილობებს ამოძრავებს. ქართველი ეთნოგრაფი გიორგი ჩიტაია ამბობს: „ჩვენ რომ ერთი წამით წარმოვიდგინოთ ბორბლის გარეშე ძველი და თანამედროვე ცივილიზაცია, მეტად სავალალო სურათს მივიღებდით: ჩვენ არ გვექნებოდა არა თუ ბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებები, ურემი, ეტლი და სხვა, არამედ არ იარსებებდა წისქვილი, სამეთუნეო მორგვი, კერამიკისათვის , ორთქმავალი, ელექტრომავალი და სხვა.“
სწორედ ამ ურთიერთობების ძირითადი ნაწილია ბორბალი. მისი ერთერთი მოდელია „ჯარა“, რომელიც მთლიანად ხისაგან მზადდებოდა ფშავში. მისი შემადგენელი ნაწილებია : ფრთები, რვალები, ჯარის ტანი, ჯარის ფრთები, დვალი, ხელი.
ეს მოწყობილობა ასრულებს შემდეგ ფუნქციას , ძაფი ეხვევა ნელნელა ტარზე და სრულად დახვევის შემდეგ იძახება. ჯარა ერთ–ერთი უძველესი ნაკეთობაა ფშავ–ხევსურეთში. ეს მოხსენიებულია ხალხურ  ლექსებში.
                                               
„არალო   დარეჯანასა,
გარეთ   გამოსდგამს  ჯარასა.
ჩასთულს  დასძახავს  ერთ წამსა,
სხვას  ყურს  არ  უგდებს არასა.
შინ რომ  ყმაწვილი  ტიროდეს,
გარედან  ეტყვის ნანასა
ორ  დღეს  საჩოხეს  გამოსჭრის,
მესამეს – ბაჭიჭ შარვალსა,
თან  ეხვეწება  უფალსა,
ყელზე   ჩაიდებს   შანასა“



ხის მასალი დამზადება. ჯარა, საქსოვი დაზგა, თითისტარი  და სხვა ტრადიციული საფეიქრო მოწყობილობანი ხისაგან მზადდებოდა.  ფშავში სამასალე ხის მოსაჭრელად საუკეთესო პერიოდად მიჩნეული იყო შემოდგომის დასაწყისი ან გვიანი შემოდგომა. გადმოცემის თანახმად, „როცა ხის ტანში წვენი შესვლას დაიწყებს, მოჭრა არ ვარგა, რადგან ხე მაშინ ახალგაღვიძებულია“, ფოთლის ჭკნობის პერიოდში მოჭრილი ხე ადვილად ჭიანდება, თუ ხეს ფოთოლი დაცვენილი აქვს , ეს მოსაჭრელად საუკეთესო პერიოდია.
სამასალე ხის მოჭრა, ტრადიციული წესით , მზის ამოსვლამდე უნდა მომხდარიყო . ხალხური რწმენით „ახალ მთვარეზე ხე ამღვრეულია, ამიტომ ის მაშინ უნდა მოიჭრას, როცა მთვარე დამცხრალია ან უკვე ძველი მთვარეა“
ხის ჭრელი პირჯვარს გადაიწერდა და მუშაობას შეუდგებოდა. ხე ისე უნდა მოჭრილიყო, რომ არ უნდა გამსკდარიყო, ამიტომ ორივე მხრიდან ჩაჭრიდნენ. ამავე დროს , ის ძალიან ძირში არ უნდა მოჭრილიყო, რათა ახალი ყლორტები ამოეყარა. ცნობილია, რომ  მუხა დაწვის შემდეგაც კი ამოიყრიდა ახალ ყლორტებს.
მოჭრის შემდეგ , ხეს გასხეპავდნენ და გაღვერავდნენ ანუ გაფხეკდნენ, ეს იმიტომ, რათა არ დამპალიყო. „ქერქი მოჭრილ ხეს სუნთქვას უშლისო“. მოჭრილ მორებს ხეებზე მიაყუდებდნენ და ტყეში გამოაშრობდნენ. შემდეგ , შემოდგომაზე ან ზამთარში ჩამოჰქონდათ.
სახლში მიტანილ ნაოთხალ მორებს ქორბეღელად ანუ გარდიგარდმოდ დააწყობდნენ, რათა გამომშრალიყო. ეს ძირითადად ჩრდილში ხდებოდა,მზეს რომ  არ გაემრუდებინა. გამოშრობის შემდეგ კი ნაოთხალს ფიცრად გათლიდნენ. მას კი ებროთი გაპოხავდნენ, რათა დამზადებული ავეჯი ან მოწყობილობა არ დახეთქილიყო.
საქსოვი დაზგები მეტწილად იფნის ხისაგან ამზადებდნენ.





ფშაური ნაქსოვები. ძველ ფშაურ ფარდაგებს ნაქსოვის სიმტკიცესთან ერთად  ახასიათებს ნაჭრელის რთული გეომეტრიული ფიგურები,  ჯვარ–კვერკვერა და კავიანი არშიები. ახლ ფარდაგებზე ამ გეომეტრიულ ფიგურებს ცვლიან ფოთლოვანი და ბოჯოჯღა –ტოტიანი მცენარის სახეები.
ფშავში გავრცელებულია ხურჯინის ქსოვა და კერვა. ფშაური ხურჯინი იქსოვება ხვეულად და არა ნაჭვრეტად. მისი ნაჭრელი და ფერადობა ფარდაგებისაგან არ განსხვავდება. ძველი ხურჯინები ნაჭრელია გეომეტრიული და ჯვარ–კავა ფიგურებით, ახალი კი მცენერეთა სახეებით.
ფშავში თითქმის ყველგან ქსოვენ წინდა –საფუხარს , დაწყებული ექვსი წლიდან, ღრმა მოხუცებულობამდე. ფშაველი ქალის თქმით, გზას ის წინდის ქსოვით იმოკლებს, . წინდას ჩხირებით ქსოვენ და ფერადი „საწინდე ბაწრით“ აჭრელებენ. წინდა იქსოვება საკაცო და საქალო. საკაცო წინდა ყელდაბალია და დაშიბული , საქალო კი ყელმაღალი და უშიბო. წინდის ნაჭრელი ცვალებადია. წინანდელი წინდები დაშიბულია რთული გეომეტრიული ფიგურებით და ჯვარ–კავებით. მათი ქსოვისა და ნაშიბ–ნაჭრელის ტექნიკა უფრო რთულია.
საფუხარი (ხელთათმანი) იქსოვება და იშიბება წინდასავით. საფუხარს ზურგი აქვს ნაჭრელი გეომეტრიული და მცენარის სახეებით.
ფშაური წინდა–საფუხარი თავისი სილამაზით მთაში ნაქებია და ფშავლები თავიანთი წინდის გარდა სხვას არ ჩაიცვამენ. ფშავში წინდა კარგი საჩუქარია, ქორწილში პატარძლებს წინდები ბოხჩებით მიაქვთ და მაყრებს ასაჩუქრებენ. ეს კარგად ჩანს ფშაურ ლექსში:
„ავდარიმც გაგიდარდება, როს შაიხდები მთაზედა!
დაგიქსოვ ჭრელსა წინდებსა , წავალ, დაგირეცხ წყალზედა.
მაშინის გამოგიგზავნი, ნეფედ რო დაგსმენ ჯარზედა.
ხელში გეჭიროს თასები, ილოცებოდე წარზედა.
ქალის ძმასა და ეჯიბსა შენ მაჰყიოდე თავზედა.
სახმისას მაინც ვიყურებ, გულს დავანაბრებ ქვაზედა.“

    


საღებავების დამზადების ტრადიციული ტექნოლოგიები. ფშაველი ქალი შალს, საფარდაგე და სახურჯინე ძაფებს მცენარის ძირებითა და სხვა საშუალებებით ღებავდნენ.
–წითლად შეღებვისათვის ფშავლები იყენებდნენ ენდროს ძირს
–ყავისფრად შეღებვისათვის წენგოს
–შავი ფერის მისაღებად ჯერ ნაცარწყალში გახსნილ ქვა–ლილაში  შეღებავდნენ ლურჯად, შემდეგ კი მას ჩადებდნენ წიდიან თავშავას ნახარშში და ერთი კვირის განმავლობაში, ასე შეღებილი ქსოვილი ფერს არასოდეს იცვლიდა.
–ყვითლად ღებავდნენ ხაქოლში (ბალახია)
–თუ თვრიმლში ყვითლა შეღებილს ენდროში შეღებავდნენ , მწვანე ფერს ღებულობდნენ.
–თუ თვრიმლში შეღებილი ძროხის შარდში გაირეცხებოდა, ის აღარ გახუნდებოდა. ყვითლად ღებავდნენ აგრეთვე ერთგვარი მიწით, ამ მიწას „ლებს“ უწოდებდნენ.
ფშავში ღებვის ასეთი ბუნებრივი წესების გამოყენება დღეს საკმაოდ იშვიათია



ფშაველი მამაკაცის ჩაცმულობა. ფშაველი მამაკაცი ატარებდა პერანგს, რომელსაც სამხრეები დაჭრელებული ჰქონდა, მასზე გამსახული იყო ყვავილოვანი და გეომეტრიული ფიგურები.პერანგის საყელო საკმაოდ მაღალი იყო, დაგვირისტებული, მას წინიდან ღილები ჯვარედინად ჰქონდა დაკერებული. პერანგზე აუცილებლად იცვამდნენ წინგახსნილ მოკლე საგულეს . საგულეს სხვადასხვაგვარი ფარჩით იყო შეკერილი და განსხვავებულად აჭრელებული , ეს ძირითადად დამოკიდებული იყო ადამიანის ქონებრივ შესაძლებლობებზე. საგულეს აუცილებლად ჰქონდა მაღალი ყელი და თავისი ფორმით ის მოგაგონებდათ შუა საუკუნეების მაღალი წრის ესპანელის ჩაცმულობას. საგულეს აუცილებლად ჰქონდა სარჩული და მის გადაშლილ სამკუთხედში მოსჩანდა პერანგზე მიკერებული წითელი ფარჩა.
საგულეზე ფშაველი მამაკაცი იცვამდა მოკლე  ახალუხს, რომლის გულისპირიც ნაირფერად იყო აჭრელებული. შარვალი , ტრადიციულად შინაქსოვი იყო და შალისაგან იყო დამზადებული. ფშაველი მამკაცის ჩაცმულობის აუცილებელი ატრიბუტი იყო შავი ჩოხა, რომელიც უკან ლამაზად იყო დანაოჭებული. ზამთრის პერიოდში ჩოხაზე ტყავის ქურქს იცვამდნენ, ზოგჯერ პირიქითაც– ჯერ ტყავის ქურქს და შემდგომ ჩოხას, ეს იმ მიზნით , რათა ჩაცმულობას შნო არ დაეკარგა.
მამაკაცს თავზე ეხურა გრძელბეწვა ცხვრის ტყავისაგან შეკერილი ქუდი, ხშირად ფშავლები თუშურ ქუდსაც ატარებდნენ; ფეხზე იცვამდნენ ჭრელ წინდასა და ქალამანს, ეკეთათ შავი პაჭიჭები. მამაკაცს წელზე აუცილებლად ერტყა ვერცხლის ბალთიანი ქამარი , რომელზეც ხანჯალი ჰქონდა ჩამოკიდებული.



ფშაველი ქალიც ჩაცმულობა. ფშაველი ქალიც ტანისამოსის ფერს ხშირად მისი ასაკი განსაზღვრავდა, ასაკოვნები თალხი ფერის სამოსელს ატარებდნენ, ახალგაზრდები  ნათელი ფერებისას. ქალის პერანგი გრძელი იყო და გვერდებჩჭრილი. პერანგი გულზე ფერადი აბრეშუმის „სამხრე“ ჰქონდა მიკერებული, რომლის ნაპირებიც აჭრელებული იყო. პერანგის საყელო მაღალი იყო და ფერადი ძაფებით იყო მოქარგული. მას ნაპირებზე გრეხილი ჰქონდა შემოვლებული , წინ ჯვარედინად ღილები  და ვერცხლი ფულები ჰქონდა მიკერებული. ასეთ პერანგს „ყელღილიანს“ უწოდებდნენ.
პეარნგზე ეცვათ „საგულე“. ის წარმოადგენდა  მოკლე და გრძელსახელოებიან ზედატანს , რომელიც წინ ჩაჭრილი იყო და ნაპირები მოგვირისტებული ჰქონდა. საგულე შემკული იყო ფერადი მძივებით და ვერცხლის ფულებით.
საგულეზე იცვამდნენ მეორე მოკლე ზედატანს, ე. წ. „პალტოს“, რომელიც წელში იყო გამოყვანილი , ჰქონდა სარჩული და გრძელი სახელოები. ზედატანი წინ გახსნლი იყო და საყელო ნაპირები გადმოწეული ჰქონდა. მკერდზე მიკერებული ჰქონდა მწვანე არშია. წელს ქვემო ჩაცმულობას შეადგენდა ნაოჭიანი წითელი ან ლურჯი კაბა. კაბა განიერი იყო და ქვეშ არშია ჰქონდა მიკერებული. კაბის წინ ისინი იფარებდნენ შავი სატინის „ფასტმალს“. ის ღილებითა და ფერადი მძივებით იყო შემკული. მასზე ამოქარგული იყო ვარსკვლავისა და ჯვრისმაგვარი სახეები.
წელზე შემოსარტყმელი ქამარი ჩვეულებრი ვერცხლისბალთიანი იყო, ზოგჯერ ტყავისგან დამზადებულ უბრალო ქამარსაც ატარებდნენ. ამ ტანსაცმეზე იცვამდნენ  სარჩულიან ქათიბს, ის წინ გახსნილი იყო, უკან კი წელში გამოყვანილი და ნაოჭიანი.
თავზე ქალებს „თავჩითა“ ეხურათ, მას სამკუთხედად მოკეცავდნენ და მის ორ ყურს შუბლზე განასკვავდნენ. თავჩითას ყურებზე ზოგჯერ შებმული ჰქონდა მძივები და ვერცხლის ფულები. თავშიშველი სიარული ქალისთვის სირცხვილი იყო.
ფეხზე ფშაველი ქალი იცვამდა ჭრელ წინდებსა და ქალამნებს. ისინი ხშირად ატარებდნენ სხვადასხვა სამკაულებსა და მოსართავებს: ყელის ჯაჭვს, ვერცხლისფულებიანი შიბით და მძივებით, საყურეებს , ბეჭდებს, ბრტყელ სამაჯურებს და ა. შ.



ფშაველი ქალი და ხელსაქმე. ფშაველი გლეხის ეკონომიკურ კეთილდღეობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ფშაველი ქალის შრომისმოყვარეობა. მისი საქმიანობა მრავალგვარი იყო და , ხელსაქმეში პირველი ადგილი ეჭირა შალის ქსოვას, რომელიც საერთოდ ყველა დედაკაცს უნდა სცოდნოდა, შემდეგ წინდების ქსოვა, ხელთათმანისა და სხვა ყოველგვარი ოჯახური წვრილმანი: საქონლის მოვლა, მოწველა, კარაქის შედღვება, ბავშვის მოვლა,  და  ა. შ.  ფშაველ ქალს ტყუილად გაჩერებულს ვერ ნახავდი მთელი დღის განმავლობაში, ის აუცილებლად რაღაცას აკეთებდა: იჯდა– საქმეს აკეთებდა, მიდიოდა წინდას ქსოვდა, ცხვარში იყო თუ საქონელში, მაინც რაღაცას ქსოვდა, ზურგზე ბავშვი ეკიდა (ფშაველი ქალები გუდაში ჩასმულ ბავშვს ზურგით ატარებდნენ) – თავჩაღუნული ქსოვდა, ნათესავთან მიდიოდა შორ გზაზე– ისევ წინდას ქსოვდა; სულერთია, რა მიზნითაც არ უნდა წასულიყო, სასეირნოდ თუ სამგზავროდ, სიარულის დროს მაინც ქსოვდა; გულში დარდი ჰქონდა ქსოვდა, მხიარული იყო – ისევ ქსოვდა; გაბნეულ საქონელს ეძებდა – ისევ ყაისნაღებს, წინდის ჩხირებს ათამაშებდა, საუბარში იყო – შალის მურგვს ახვევდა; ბოსელში იყო – მაქვა–ცხემლას გააცურებდა , სახეხს გაუსვამ გამოუსვამდა და ზედ ბეჭს ურტყამდა. ფშაველი ქალის მოუსვენარი და მოქმედი ბუნების დასახასიათებლად კარგად გამოდგებოდა ერთი  ფშაური ლექსი:
„მზე ამობრწყინდა წითლადა, სხივსა ჰფენს არემარესა,
მის ნახვა ყველას დაატკბობს, ყვავილთაც გაახარებსა.
ქალამ გაუშვა საქონი, შამოაყოლა ჭალებსა,
თავდახრით წინდას მიიქსოვს, თვალს ავლებს არემარესა,
გულში ვინ იცის რას ფიქრობს , ან ვის დარდს იზიარებსა....“





საქსოვ დაზგაზე ქსოვა. ფშავში, ძველად ყველა ოჯახში ჰქონდათ საქსოვი დაზგა, რომელიც სახლის დერეფანში ან ბოსელ– საბძელში იყო გამართული.
ქსოვის პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: მქსოველი ქალი მიუჯდება საქსოვ დაზგას , ანუ ყდას, ირებს ხელში ცხემლას , რომელზეც საზედაო ძაფია დახვეული და ამას თხორში ატარებს; ცხემლას თან მიჰყვება კუდი, რათა ბეჭვნის დროს ძაფი არ გაწყდეს, შემდეგ იღებს ბეჭს და ორივე ხელით ბეჭნის თხორზე საზედაოს. ეს იმიტომ, რომ ძაფი ძაფზე მივიდეს და ქსოვილი განმტკიცდეს. ქსოვის პროცესში თხორს ასწორებდნენ „სახეხავითა“ და გარა –საყვანელათი, გარას ასწევ დასწევენ. ერთ ყდაზე იქსოვებოდა თხუთმეტამდე შალი (ტოლი). კარგი მქსოველი ქალი დღეში ერთ მეტრ ტოლს მოქსოვდა.
ფშავში ქსოვდნენ ხალიჩა –ფარდაგებს. მათ ამზადებდნენ მსხვილი ძაფისაგან, რომელსაც ფერებში ღებავდნენ. ფერებში ფრო სჭარბობდა ყავისფერი, შავი, ალისფერი, ცისფერი, წენგოსფერი და თეთრი.
ძველი ფშაური ნაქსოვები მტკიცე იყო და მორთული იყო რთული გეომეტრიული ფიგურებით. ახალ ფარდაგებზე კი ხშირად გვხვდება მცენარის გამოსახულებანი.




ძაფის დამზადების ტექნოლოგია ფშავში. ფშავში წარმოებული შალი სახელგანთქმული იყო. მას ტოლს უწოდებდნენ. სატოლე მატყლს არჩევდნენ  ხარისხისა და ფერის მიხედვით. შმდეგ მას რეცხავდნენ და აშრობდნენ. როცა სუფთა მატყლი საჩეჩელზე პირველად გაიჩეჩებოდა , მას „ფოლს“ უწოდებდნენ. მეორედ გაჩეჩვის შემდეგ ის „ფარტენად“ იქცეოდა.
თუ ჭროღა ტოლი იქსოვებოდა, მაშინ შავსა და თეთრ მატყლს ერთმანეთში გადაურევდნენ. ფარტენას ტარზე ართავდნენ.
ტარი ტრიალებდა საგრეხელში . ძაფდართულ  ტარებს ჯარაზე გრეხდნენ და თხორად ახვევდნენ. ფერადი ტოლისათვის ამ თხორებს ხიფებად ამოახვევდნენ და ღებავდნენ. ამ საღებავებს ადგილზე ამზადებდნენ სხვადასხა ბალახისაგან, ბალახის ძირისაგან, ერთგვარი მიწისაგან, მურყნის ქერქისაგან, ტყის ვაშლისაგან, და ა. შ.
·         ხაქოლი–ბალახია, ღებავს ყვითლად.
·         ლები მიწაა–ღებავს ყვითლად.
·         თრიმლის ხის გულის ნახარში–ღებავს მუქ ყვითლად.
·         თავშავა ბალახი–ღებავს შავად.
·         რკინის წიდა–ღებავს შავად.
·         მურყნის ქერქი–ღებავს შავად.
·         ძაღა ბალახია–ღებავს შავად.
·         მწვანე ფერის მისაღებად ჯერ ყვითლად ღებავდნენ ძაფს და შემდეგ ლილაში ამოავლებდნენ.
·         ცისფრის მისაღებად–ნაცრის ნადუღში ლილას ხსნიდნენ.
·         ენდრო–ბაალხის ძირია, ღებავს წითლად.
·         ტყის ვაშლი– ღებავს წითლად.









თექა. თექის გასაკეთებლად უნდა ავიღოთ წული, იმ ზომისა , რა ზომის თექის გაკეთებაც გვსურს. წულზე ზემოდან დავაწყოთ გარეცხილი, დაწეწილი , დაჩეჩილი ერთი ფერის მატყლი. ეს მატყლი ფერად–ფერადი , პატარა მატყლებით შეგვიძლია მოვხატოთ. შემდეგ ამ მატყლს ზემოდან გადავაფაროთ თხელი ფარდის მსგავსი ნაჭერი  ან ისევ წული. ამ მოქმედებების შესრულების შემდეგ ნელთბილი წყლით დავნამოთ და  ზედ ნაზად წავუსვათ სარეცხი საპონი. ასევე ნაზად და ფრთხილად გადავუსვათ ხელი, რომ ჩვენი მატყლი არ აირიოს. ამის მერე შემოვახვევთ ჯოხზე და მჭიდრო ნელი სვლით ვახვევთ ძაფს. შემდეგ ორასჯერ ერთი მხრიდან ვიწყებთ გორაობას და , ოღონდ ნელა. როდესაც ორასჯერ გადავაგორებთ, მოვხსნით ამ ნაჭერს და შევატრიალებთ მეორე მხარეს. ახლა მეორე მხარით დავუწყებთ გაგორებას  ორასჯერ და ასე გავიმეორებთ დანარჩენ გვერდებზეც. შემდეგ თანდათან მაგრად დავაწვებით და მოვთელავთ.როცა ყოველივეს მოვრჩებით, აგვრეცხავთ, გავაშრობთ და თექაც მზადაა.

















Комментариев нет:

Отправить комментарий